English / ქართული / русский /
ნაზირა კაკულია
მონეტარული პოლიტიკის გავლენა შემოსავლების უთანასწორობაზე თეორიული ასპექტები

ანოტაცია. ნაშრომში საუბარია შემოსავლების უთანასწორობის არსსა და მისი შემცირების პოლიტიკაზე კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში. ასევე განხილულია რიგი პრობლემები, რომლებიც თან ახლავს შემოსავლების უთანასწორობას ფინანსური კრიზისების დროს. შემოსავლების უთანასწორობა აღრმავებს სიღარიბის დონეს და ამწვავებს სოციალურ საკითხებს, რომლებიც ნათლად აისახება ქვეყნის კეთილდღეობაზე, მის განვითარებასა და მომავალზე. თანამედროვე საზოგადოება ჩართულია გლობალიზაციაში, რაც, თავის მხრივ, ქვეყნებზე ზემოქმედებს როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად. კვლევები აჩვენებს, რომ პოლიტიკები, რომელიც უთანასწორობის გამოსათანაბრებლადაა მიმართული, ხშირ შემთხვევაში უძლურია არსებულ მდგომარეობასთან და საჭიროებს გადახედვას. კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში, როდესაც ქვეყნის ეკონომიკები, ერთ დიდ მსოფლიო ეკონომიკად განიხილება, ის საჭიროებს კომპლექსურ მიდგომას.

საკვანძო სიტყვები: მონეტარული პოლიტიკა, უთანასწორობა, კონფრონტაციული გლობალიზაცია.

გლობალიზაციის პროცესში ჩართული მსოფლიო ეკონომიკები მიისწრაფვიან განვითარებისკენ, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნებს გარკვეული დოზით მოუწევთ გაიღონ გლობალიზაციაში ჩართულობის საფასური. გლობალიზაციაში ჩართულობა ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანამ, რომელსაც სურს იყოს ჩართული მასში და მიიღოს მისგან სარგებელი, უნდა წავიდეს გარკვეულ დათმობებზე და გაატაროს ის ღონისძიებები, რომლებიც მისაღებია მსოფლიო ეკონომიკისთვის. ეს კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს გამოთანაბრებას და შეამცირებს უთანასწორობას როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ ასპექტებში. არსებობს მოსაზრება, რომ გარკვეული უთანასწორობა სასარგებლოა საზოგადოებისათვის, ვინაიდან გამოდის თავისებურ მოტივატორად ეკონომიკური აქტიურობისათვის, ადამიანთა უნარისა და შესაძლებლობების განვითარება-გამოყენებისათვის, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ეკონომიკურ და სოციალურ პროგრესს. მაგრამ სიმდიდრის თავმოყრა ცალკეული პირების, ასევე სახელმწიფოთა ხელში, ზღუდავს სხვების  წინსვლისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობებს, ქმნის ე.წ. „სიღარიბის  მანკიერ  წრეს“, რომლის გარღვევა ძალზე რთულია. გლობალური სიღარიბის აღმოფხვრა და შემოსავლების უთანასწორობის შემცირება, ეს არის თანამედროვე რეალობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა.

ნობელის პრემიის ლაურეანტმა მიშელ კრემერმა (Michael Kremer, 2019), თავის ნაშრომში „განვითარება და სიღარიბის შემსუბუქების ურთიერთკავშირი“ (Understanding Development and Poverty Alleviation), შემოგვთავაზა რიგი საკითხები, რომლებიც ხელს შეუწყობს უთანასწორობის შემცირებას განვითარებად ქვეყნებში. მიშელ კრემერი დიდ ყურადღებას უთმობს და ხაზს უსვამს ისეთ საკითხებს, როგორიცა სწავლა, ჯამრთელობა, გენდერული პოლიტიკა, კრედიტი  და გარეგანი ეფექტები, რომელთაც კომპლექსური ხასიათი აქვთ და ერთმანეთზე ურთიერთქმედებენ.

ნაშრომების რაოდენობა, რომლებიც სტანდარტულ მონეტარულ პოლიტიკას და უთანასწორობას ეხება, საკმარისად ბევრია, თუმცა ზეგავლენის შესახებ, რომელსაც არასტანდარტული პოლიტიკა უთანასწორობაზე ახდენს, კვლევების სიმწირე შეიმჩნევა. ამის მიზეზი ისაა, რომ ცენტრალური ბანკების მიერ არასტანდარტული ღონისძიებების დანერგვა უახლესი გამოცდილებაა და ყველა ცენტრალურ ბანკს მსგავსი პოლიტიკა ჯერ არ გაუტარებია (Blinder et al., 2017).

უახლესი ემპირიული კვლევები სტანდარტული  მონეტარული პოლიტიკის გადანაწილებითი ეფექტების შესახებ ლიტერატურაში განხილულ მხოლოდ რამდენიმე გადაცემით არხზე მიუთითებს. რამდენიმე კვლევა შემოსავლების უთანასწორობაზე პოლიტიკის შოკის გადანაწილებით ეფექტებს შემოსავლების შემადგენლობას და სარგებლის ჰეტეროგენურ არხებს მიაწერს. პირველი არხი შინამეურნეობების შემოსავლის ძირითადი წყაროების (შეფარდებითი წილი მიღებული შრომიდან, ბიზნესიდან და ფინანსური შემოსავლებიდან)  ჰეტეროგენურობაზე მიუთითებს. მეორე არხი იმ განსხვავებულ ეფექტებზე მიუთითებს, რომელსაც საპროცენტო განაკვეთის შოკები  დაბალი და მაღალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობების შრომიდან სარგებელზე ახდენს (Coibion et al., 2017).

შემზღუდველი მონეტარული პოლიტიკა საპროცენტო განაკვეთების გაზრდით შემოსავლების და სარგებლის უთანასწორობას ზრდის აშშ-ში (Coibion et al., 2017), დიდ ბრიტანეთში (Mumtaz and Theophilopoulou, 2015, 2017).

 ევროკავშირის სივრცესა (Guerello, 2018) და განვითარებად ქვეყნებში (Furceri et al., 2018) მონეტარული შეზღუდულობა ახშობს ეკონომიკურ აქტივობას, დასაქმებას, ხელფასებს და შესამჩნევ ზიანს აყენებს დაბალი შემოსავლის მქონე შინამეურნეობებს, რომელთა ძირითადი შემოსავლის წყარო შრომიდან სარგებელია. ამავდროულად, შემოსავლის განაწილების ზედა ზღვარზე მყოფი შინამეურნეობები უფრო მაღალი პროცენტის მეშვეობით მიღებული შემოსავლებით სარგებლობენ (Coibion et al., 2017). ასევე ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ისინი უმუშევრები გახდებიან და შრომიდან შემოსავალს დაკარგავენ. ფურცერის აზრით, მონეტარული პოლიტიკის შოკების გავლენა შემოსავლის უთანასწორობაზე იმ ქვეყნებში უფრო დიდია, სადაც მთლიან შემოსავალში შრომიდან მიღებულ შემოსავალს უფრო დიდი წილი უჭირავს. ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა სხვა ჯგუფებთან შედარებით მეტად ზრდის შემოსავლებს დამქირავებლებისთვის, რასაც უთანასწორობის გაზრდა შეუძლია. ამის საპირისპიროდ,  ოფარელის (Rory O’Farrell, 2016) მიხედვით ზოგადად ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის განაწილებითი ეფექტები უმნიშვნელოა, მაგრამ OECD-ის ქვეყნებში ეს ეფექტები მნიშვნელოვნად ვარირებს. მაგ.: მონეტარული პოლიტიკის შოკის საპასუხოდ შემოსავლების უთანასწორობა იზრდება ზოგიერთ ქვეყანაში და მცირდება სხვებში.

უთანასწორობაზე მონეტარული პოლიტიკის შოკების გავლენა ბიზნესციკლის განმავლობაში შეიძლება იცვლებოდეს. ფურცერის (Davide Furceri (2018) მიხედვით, შემზღუდველი მონეტარული პოლიტიკა შემოსავლების უთანასწორობაზე უფრო დიდ გავლენას აღმავლობის პერიოდში ახდენს, ანუ მაშინ, როდესაც ექსპანსიურ შოკებს გაცილებით უფრო დიდი უთანასწორობის მოტანა შეუძლია რეცესიის დროს. მსგავსად, ოფარელიც  (Rory O’Farrell, 2016)  ამტკიცებს, რომ მონეტარული პოლიტიკა შეიძლება ნაკლებად ეფექტიანი იყოს შემოსავლების უთანასწორობის შესამცირებლად დაღმასვლის დროს, ვიდრე მის გასაზრდელად აღმავლობის დროს.

არასტანდარტული მონეტარული პოლიტიკის განაწილებითი ეფექტები ჯერ კიდევ კარგად არ არის შესწავლილი. არასტანდარტული პოლიტიკის შესწავლილი ღონისძიებები ძირითადად დიდი მოცულობის აქტივების შესყიდვებზე ან რაოდენობრივ შემსუბუქებაზეა (QE) დაფუძნებული მაშინ, როდესაც სხვა ღონისძიებებს (მაგ.: დაბალ/უარყოფით განაკვეთებს, ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთის ფიქსირებულ ნიშნულზე შენარჩუნებას გარკვეული დროით) ამ დონის ყურადღება არ მიუპყრია. ლიტერატურაში შემოსავლების უთანასწორობაზე, არასტანდარტული მონეტარუ­ლი პოლიტიკის გავლენაზე კონსესუსი არ არსებობს. განაწილებით არხებზე დაყრდნ­ო­ბ­ით გამოიკვეთა ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგი.   სარგებლის ჰეტეროგენურობ­ის არხები აჩვენებენ, რომ რაოდენობრივი შემსუბუქება ამცირებს შემოსავლების უთანასწორობას ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებით, სამუშაო ადგილების შექმნით და ხელფასების ზრდით.  ამას დასაქმების ეფექტებს უკავშირებენ, რისგანაც სარგებელს ძირითადად ღარიბები იღებენ ექსტენსიური მარჟის მეშვეობით. ამასთან მაღალი ხელფასებისგან ღარიბები და საშუალო კლასის შინამეურნეობები სარგებლობენ, ვინაიდან ისინი გაცილებით უფრო მგრძნობიარენი არიან შრომიდან მიღებულ სარგებელზე ცვლილებების მიმართ, ვიდრე მდიდრები. ამ არხს ადასტურებს აშშ-ის,  იტალიისა  და ევროპის მაგალითები.  მეორე შედეგი არასტანდარტული პოლიტიკის უთანასწორობის გამომწვევ ეფექტზე მიუთითებს, რომელიც აქტივებზე ფასების ზრდით მდიდრების შემოსავლებს ზრდის კაპიტალიდან და ასევე შემოსავლების უთანასწორობასაც ზრდის. ეს დადასტურდა იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის მაგალითებზე (Mumtaz and Theophilopoulou, 2017).

სარგებლის ჰეტეროგენურობისა და შემოსავლის შემადგენლობის არხების შედა­რებითი სიძლიერე განსაზღვრავს არასტანდარტული პოლიტიკის მთლიან ეფექტს შემოსავლების განაწილებაზე. მაგალითად,  მაშინ როდესაც რაოდენობრივი შემსუბუქების გამო დასაქმებაში ცვლილებები აშშ-ში შემოსავლების უთანასწორობას ამცირებს, ეს ეფექტი საბაზრო ფასის გადაფასებით გამოწვეულ უთანასწორობის ეფექტს ჩამოუვარდება. საწინააღმდეგოს აჩვენებს კასირაგი (Marco Casiraghi 2018),  იტალიის მაგალითზე, სადაც ეკონომიკური აქტივობიდან და დასაქმებიდან გამოწვეული განაწილებითი ეფექტებიდან სარგებელს  ნაკლებად მდიდრები უფრო იღებენ და ასეთი ეფექტები აქტივების ფასებით გამოწვეულ უთანასწორობის ეფექტს აჭარბებს.

საბოლოოდ, ემპირიული მტკიცებულებები იმ გავლენაზე, რომელსაც მონეტარული პოლიტიკა  შემოსავლების უთანასწორობაზე  ახდენს, ერთგვაროვანი არ არის. განაწი­ლებითი ეფექტები ვარირებს პოლიტიკის შესწავლილი ღონისძიების, განაწილებითი არხის, შესწავლილი ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურის და შინამეურნეობების შემოსავლების თავისებურებების მიხედვით.

მონეტარულმა პოლიტიკამ სიმდიდრის განაწილებაზე გავლენა შეიძლება დანაზოგების გადანაწილების, ინფლაციის, საპროცენტო განაკვეთის ცვლილებით გამოწვეული დანაკარგისა და საინვესტიციო პორტფელის არხების მეშვეობით მოახდინოს. სტანდარტულ მონეტარულ პოლიტიკაზე ლიტერატურაში ძირითადად ინფლაციის არხია განხილული, რომელიც აჩვენებს როგორი არაპროგნოზირებადია ინფლაციის მიერ სიმდიდრის გამსესხებლები­დან/დამზოგველებიდან მსესხებლებზე გადანაწილება. ვინაიდან შინამეურნეობების ნომინალური აქტივები და ვალდებულებები ფასების ცვლილებების მიმართ მგრძნობიარეა, მონეტარულ პოლიტიკას პირდაპირ შეუძლია სიმდიდრის განაწილებაზე ზემოქმედება. რამდენიმე კვლევა ამ არხზე მიანიშნებს და ამტკიცებს, რომ ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკა სიმდიდრის უთანასწორობას ამცირებს აშშ-ში, კანა­დაში,  ევროპის უმეტეს ნაწილში. ამ კვლევების თანახმად, მოულოდნელ ინფლაციას სარგებელი მოაქვს (ახალგაზრდა) საშუალო კლასის შინამეურნეობებისთვის, რომლებიც იპოთეკური სესხების წმინდა მსესხებლები არიან, ხოლო ზიანს აყენებს  (ასაკოვან)  მდიდარ შინამეურნეობებს, რომლებიც წმინდა გამსესხებლები არიან და რომლებსაც დიდი დანაზოგები აქვთ დაბანდებული უმეტესწილად გრძელვადიან ობლიგაციებში.

უახლესი კვლევების შესწავლის საფუძველზე შესაძლებელია ითქვას, რომ მონეტარულმა პოლიტიკამ სიმდიდრის განაწილებაზე საინვესტიციო პორტფელის კომპოზიციის არხის მიხედვითაც შეიძლება იმოქმედოს,  ის აქტივების ფასებზე ზემოქმედებს და მათი მეშვეობით შინამეურნეობების საკუთრებაში არსებულ ფინანსურ და უძრავი ქონების აქტივების ღირებულებაზე ახდენს გავლენას. აქტივების ფასების ცვლილებების ეფექტი  სიმდიდრეზე შესწავლილია, როგორც მონეტარული პოლიტიკის გადაცემის არხი. აქედან გამომდინარე, შედეგები ხშირად არც სტანდარტულ და არც არასტანდარტულ პოლიტიკასთან არ ასოცირდება, მაშინ როდესაც თეორიაში ამ შედეგების გავრცობა ორივეზე შესაძლებელია. ამის მიუხედავად,  საინვესტიციო პორტფელის კომპოზიციის არხი ჩვეულებრივ არასტანდარტულ მონეტარულ პოლიტიკას მიეწერება, რასაც ზოგიერთი მკვლევრის მტკიცებით სტანდარტულ ზომებზე უფრო ძლიერი ეფექტის მოხდენა შეუძლია შინამეურნეობებისა და ფინანსური ინსტიტუტების საინვესტიციო პორტფელის გადაბალანსების გამო. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ჩიქობავა მ., კაკულია ნ., ლაზარაშვილი თ. (2022), თანამედროვე მონეტარული თეორიის შესახებ.  ჟურნ.: ეკონომიკა და ბიზნესი, თსუ, ტომი XIV (3).
  2. პაპავა ვ.,  ჭარაია ვ. (2021). “საქართველოს სახელმწიფო ვალის ზრდის პრობლემა COVID-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის პირობებში”. თბილისი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი.
  3. ხადური ნ. (2012). ქართული ეკონომიკური მოდელი და გლობალური ეკონომიკა. IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „გლობალიზაცია და ეკონომიკის მდგრადი განვითარების პერსპექტივები“, კრებული. თბილისი.
  4. Kakulia N., (2017) Analysis of the reasons for the institutional backwardness of Georgia.,  2nd Geneva International Conference on Advanced Research, Geneva,  Switzerland, GICAR.
  5. Chikobava, M. & Kakulia, N. (2023) Monetary Policy Challenges of The Post-Pandemic Period. Journal Of Economic and Business Issues,3(2), 40-48. Received: 22/01/2023Accepted: 17/07/2023Published: 31/07/2023
  6. Papava V., (2022). On the Main Challenges of the Architecture Transformation of the World Economy.
  7. Kremer, Michael and Edward Miguel., (200). The Illusion of Sustainability. Quarterly Journal of Economics 122(3): 10071065.
  8. Alan Blinder, Michael Ehrmann, Jakob de Haan, David-Jan Jansen(2017) - Necessity as the mother of invention: monetary policy after the crisis , Economic Policy, Volume 32, Issue 92,  Pages 707–755,
  9. Olivier Coibion, Yuriy Gorodnichenko, Lorenz Kueng, and John Silvia (2012) Innocent Bystanders? Monetary Policy and Inequality in the U.S., NBER Working Paper No. 18170
  10. Mumtaz Haroon & Theophilopoulou Angeliki, 2017. "The impact of monetary policy on inequality in the UK. An empirical analysis," European Economic Review, Elsevier, vol. 98(C).
  11. Davide Furceri, Prakash Loungani, and Aleksandra Zdzienicka (2018). The Effects of Monetary Policy Shocks on Inequality By, IMF Working Papers, WP/16/245.
  12. Rory O’Farrell, Łukasz Rawdanowicz, Kei-Ichiro Inaba (2016) Monetary Policy and Inequality OECD Economics Department,  Working Papers No. 1281
  13. Dietrich Domanski, Michela Scatigna and Anna Zabai Adam and Tzamourani, (2016);  Wealth inequality and monetary policy, BIS Quarterly Review.
  14. Marco Casiraghi, Eugenio Gaiotti, Lisa Rodano and Alessandro Secchi (2016) A “reverse Robin Hood”? The distributional implications of non-standard monetary policy for Italian households.